ბიოგრაფიული მონაცემები

(1891-1959)

(ჭყვიშიდან მთაწმინდამდე)

1891 წლის 17 ნოემბერს-სოფელ ჭყვიშში (ვანის რაიონი) დაიბადა გალაკტიონ ტაბიძე, რომელიც თავის ავტობიოგრაფიულ ჩანაწერებში საკუთარი დაბადების თარიღად 1892 წელს მიიჩნევს, დაბადების ადგილად კი ტობანიერს მიუთითებს.

მამა-ვასილ ტაბიძე, სრულიად ახალგაზრდა, 23 წლისა გარდაიცვალა, გალაკტიონის დაბადებამდე შვიდი თვით ადრე. იგი სოფლის მასწავლებელი იყო.

დედა-მაკრინე ადეიშვილი, ვანის რაიონის სოფელ საპაიჭოდან იყო. გალაკტიონის ავტობიოგრაფიაში ვკითხულობთ:„...ჩემი წინაპრები დედის ხაზით მოდიან აფხაზეთის მეფეების, შერვაშიძეთა გვარიდან-ჩემი დიდედის, გურული ქალის, ბერიძის დედა იყო შერვაშიძის ასული. ამგვარად, ჩემში არის სამნაირი ქართული სისხლი:აფხაზების, გურულისა და იმერლის“.

ძმა-აბესალომი (პროკლე) პედაგოგი იყო.

1959 წლის 17 მარტს-პოეტმა თვითმკვლელობით დაამთავრა სიცოცხლე. იგი დასაფლავებულია მთაწმინდაზე.

გალაქტიონ ტაბიძის ლექსები

(მზეო თიბათვისა)
მზეო თიბათვისა, მზეო თიბათვისა,
ლოცვად მუხლმოყრილი გრაალს შევედრები.
იგი, ვინც მიყვარდა დიდი სიყვარულით,
ფრთებით დაიფარე __ ამას გევედრები.
ტანჯვა – განსაცდელში თვალნი მიურიდნე.
სული მოუვლინე ისევ შენმიერი,
დილა გაუთენე ისევ ციურიდან,
სული უმანკოთა მიეც შვენიერი.
ხაანმა უნდობარმა , გზა რომ შეეღება,
უხვად მოიტანა სისხლი და ცხედრები,
მძაფრი ქარტეხილი მას ნუ შეეხება,
მზეო თიბათვისა,ამას გევედრები.


სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში
 
დედაო ღვთისავ, მზეო მარიამ!
როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი,
ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია
და  შორეული ცის სილაჟვარდე.
შემოიღამებს მთის ნაპრალები,
და თუ როგორმე ისევ გათენდა-
ღამენათევი და ნამთვრალევი,
დაღლილ ქალივით მივალ ხატებთან!
ღამენათევი და ნამთვრალევი
მე მივეყრდნობი სალოცავ კარებს,
შემოიჭრება სიონში სიონში სხივი
და თეთრ ოლარებს ააელვარებს.
და მაშინ ვიტყვი: აჰა! მოვედი
გედი დაჭრილი ოცნების ბაღით!
შეხედე, დასტკბი ყმაწვილურ ბედის
დაღლილ ხელებით, წამებულ სახით!
შეხედე! დასტკბი! ჩემი თვალები,
წინათ რომ ფეთქდნენ ცვრებით, იებით, -
ღამენათევი და ნამთვრალევი
სავსეა ცრემლთა შურისძიებით!
დასტკბი! ასეა ყველა მგოსნები?
შენს მოლოდინში ასეა ყველა?
სული, ვედრებით განაოცები,
შენს ფერხთ ქვეშ კვდება, როგორც პეპელა.

სად არის ჩემთვის სამაგიერო?
საბედნიერო სად არის სული?
ვით სამოთხიდან ალიგიერი,
მე ჯოჯოხეთით ვარ დაფარული!
და როცა ბედით დაწყევლილ გზაზა
სიკვდილის ლანდი მომეჩვენება,
განსასვენებელ ზიარებაზე
ჩემთან არ მოვა შენი ხსენება!
დავიკრებ ხელებს და გრიგალივით
გამაქანებენ სწრაფი ცხენები!
ღამე ნათევი და ნამთვრალევი
ჩემს სამარეში ჩავესვენები.
დედაო ღვთისავ, მზეო მარიამ!
როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი,
ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია
და  შორეული ცის სილაჟვარდე.


მერი
შენ ჯვარს იწერდი იმ ღამეს, მერი!
მერი, იმ ღამეს მაგ თვალთა კვდომა,
სანდომიან ცის ელვა და ფერი
მწუხარე იყო, ვით შემოდგომა!
აფეთქებული და მოცახცახე
იწოდა ნათელ ალთა კრებული,
მაგრამ სანთლებზე უფრო ეგ სახე
იყო იდუმალ გაფითრებული.
იწოდა ტაძრის გუმბათი, კალთა,
ვარდთა დიოდა ნელი სურნელი,
მაგრამ ლოდინით დაღალულ ქალთა
სხვა არის ლოცვა განუკურნელი.
მესმოდა შენი უგონო ფიცი...
მერი, ძვირფასო! დღესაც არ მჯერა...
ვიცი წამება, მაგრამ არ ვიცი:
ეს გლოვა იყო თუ ჯვარისწერა?
ლოდებთან ვიღაც მწარედ გოდებდა
და ბეჭდების თვლებს ქარში კარგავდა...
იყო ობლობა და შეცოდება,
დღესასწაულს კი ეს დღე არ ჰგავდა.
ტაძრიდან გასულს ნაბიჯი ჩქარი
სად მატარებდა? ხედვა მიმძიმდა!
ქუჩაში მძაფრი დაჰქროდა ქარი
და განუწყვეტლად წვიმდა და წვიმდა.
ნაბადი ტანზე შემოვიხვიე,
თავი მივანდე ფიქრს შეუწყვეტელს;
ოჰ! შენი სახლი! მე სახლთან იქვე
ღონე-მიხდილი მივაწექ კედელს.
ასე მწუხარე ვიდექი დიდხანს
და ჩემს წინ შავი, სწორი ვერხვები
აშრიალებდნენ ფოთლებს ბნელხმიანს,
როგორც გაფრენილ არწივის ფრთები.
და შრიალებდა ტოტი ვერხვისა,
რაზე - ვინ იცის! ვინ იცის მერი!
ბედი, რომელიც მე არ მეღირსა -
ქარს მიჰყვებოდა, როგორც ნამქერი.
სთქვი: უეცარი გასხივოსნება
რად ჩაქრა ასე? ვის ვევედრები?
რად აშრიალდა ჩემი ოცნება,
როგორც გაფრენილ არწივის ფრთები?
 
ან ცას ღიმილით რად გავცქეროდი,
ან რად ვიჭრდი შუქს მოკამკამეს?
ან „მესაფლავეს“ რისთვის ვმღეროდი,
ან ვინ ისმენდა ჩემს „მე და ღამეს“?
ქარი და წვიმის წვეთები ხშირი
წყდებოდნენ, როგორც მწყდებოდა გული
და მე ავტირდი - ვით მეფე ლირი,
ლირი, ყველასგან მიტოვებული.